°

retour Page d'accueil

 

დაბრუნება პირველ გვერდზე  

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის 17 11 2021 განცხადება

SALOME ZOURABICHVILI déclaration du 17 11 2021 PRESIDENTE DE GEORGIE

 

Voir Vidéo იხილეთ ვიდეო

 

17.11.2021

პრეზიდენტი: ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება დიდი გამოწვევაა - ქვეყნის სიმშვიდისათვის მაქსიმალურად უნდა იყოს გააზრებული ნებისმიერი სიტყვა, თუ ქმედება

LE PRESIDENT: Pour tout Etat , l'incarcération d'un ancien président est un grand défi  - et toute parole ou action doit être prise autant que possible pour la paix du Pays

ახლახან დავასრულე სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში, სადაც საშუალება მომეცა მესაუბრა ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ახალ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე. შევხვდი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს, კამალა ჰარისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს და ისლანდიის პრეზიდენტს, გუდნი იოჰანესონს. იუნესკოში, სადაც ასევე გამოვედი სიტყვით, კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული და აფხაზური ენის გადარჩენის უმწვავეს საკითხს. გუშინ კი ორბელიანების სასახლეში შეხვედრა გავმართე MEDEF-ის დელეგაციასთან, რომლებიც საქართველში მოვიწვიე თავის დროზე და სამწუხაროდ პანდემიის გამო გადაიდო ერთი წლით, რათა ადგილზე ენახათ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.

ეს ყველაფერი ჩემი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობაა, ქვეყნის სახის, ღირსების და იმიჯის დაცვა და წარმოჩენა. სწორედ ამას ემსახურება ჩემი თითოეული ნაბიჯი ქვეყნის გარეთ თუ შიგნით. 

გარეთ თუ შიგნით, ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს მხრიდან უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო ინტერესს, მის სტაბილურობას, ერთიანობასა და წინსვლას. სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, დღესაც ჩემს მოვალეობად მივიჩნევ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხზე.

ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება ძალიან დიდი გამოწვევაა. დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისათვის, ხელისუფლებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. ეს მას კარგად გააზრებულიც ჰქონდა და მიუხედავად ამისა ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ.
 
კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი, ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა - ჩვენი საზოგადოება, ისევე როგორც , საერთაშორისო თანამეგობრობა, აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას, და თუ როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
ამდენად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რეგულარულად ვიღებდი და ვიღებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებებისგან, მაგალითად: სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, იუსტიციის მინისტრი და ჯანდაცვის სამინისტრო.

დღეს მინდა  ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო და ამ სერიოზულ საკითხთან მიმართებაში გავაცნო ჩემი შეხედულება:
 
1.
პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისივე ქცევის მიუხედავად, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი. ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ამ ღირსების და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას კარგად ახსოვს თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ სისტემაში. ამიტომ, დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება რამეში დაემსაგვსოს წინამორბედს. ამიტომ, გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი და შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის.

2. ასევე, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ინფორმაცია პრეზიდენტის, თუ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიეკუთვნება სხვა კატეგორიას, საჯარო და არა პირად მონაცემებს. იწვევს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესს, რამეთუ ყველა კარგად ხვდება, რომ მათი [პრეზიდენტების] ჯანმრთელობა პირდაპირ თუ ირიბად სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა, გავლენა იქონიოს მის სტაბილურობაზე. ასევე ყველას გვესმის, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება და თავად ცდილობს მართოს ეს პროცესი, ეს არ ხსნის და არც ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. ლოგიკურად ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით ყველაზე დაინტერესებული ხელისუფლება უნდა იყოს და ვფიქრობ, რომ არის კიდევაც. თავის მხრივ, საზოგადოებას უფლება აქვს, ჭორების, ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის და სპეკულაციის ნაცვლად, ყოველდღიურად მიიღოს სრულყოფილი, მიუკერძოებელი, სანდო და დეტალური ინფორმაცია - შიმშილობის, კვების, ანალიზების შესახებ. ეს არის ხელისუფლების ვალდებულება და მივმართავ მას, რომ დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ ვალდებულების სრულად და არა ნაწილობრივად შესრულებას.

3. ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები, გადაყვანილი იყოს, სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა თუ რას ნიშნავს ეს, ან რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არაა და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევა რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე რისი დაზღვევაც ურთულესია. ამავე დროს, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა თუ ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას - შიმშილობისას, თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე, ანუ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ.
 
ამიტომ, ამ მიმართულებითაც ნათელი უნდა მოეფინოს ობიექტურ საჭიროებებს და პრეტენზიებს: რა სტანდარტების დაცვა მოეთხოვება უცხოეთში პენიტენციური სისტემის კლინიკებს, სადაც მკურნალობენ მოშიმშილე პატიმრებს. ანუ, სამედიცინო დანადგარების ნუსხა, რითიც უნდა იყოს აღჭურვილი დაწესებულება, სადაც პატიმარი გააგრძელებს მკურნალობას.

ხელისუფლებას ევალება, რომ საზოგადოებას აცნობოს კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს, კიდევ ერთხელ ნუსხა არის საჭირო, და თუ არა, მოინახოს ალტერნატიული და უსაფრთხო გამოსავალი, ვინაიდან საზოგადოებაში ეს საკითხი იწვევს დიდ მღელვარებას.
 
ხელისუფლებას ევალება ყველა იმ ზომის მიღება, ყველა იმ ინფორმაციის გაცემა, ყველა იმ საფრთხის გათვალისწინება, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს საზოგადოების თუ ქვეყნის სტაბილურობაზე. ასეთ დროს სამწუხაროა, რომ არსებულ კონსილიუმს არ მიეცა შესაძლებლობა თავისი საქმიანობის გაგრძელების თუმცა, აღსანიშნავია, სახალხო დამცველის ინიციატივა, რომ ექიმების ჯგუფის მიერ შეფასდეს არსებული მდგომარეობა და საზოგადოებას მიეწოდოს დამატებითი ინფორმაცია, რამეთუ ინფორმაციის ნაკლებობა თავისთავად კვებავს მღელვარებას.

არ შეიძლება ამ ვითარებაში არ გამოვთქვა წუხილი, რომ ინფორმაციის და მოზომილი კომენტარების მაგივრად ზოგი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული გამომწვევი განცხადებები საზოგადოებაში იწვევს მეტ გაუგებრობას, დაძაბულობას თუ გაღიზიანებას.
 
ქვეყნის სიმშვიდისა და დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იქნეს გააზრებული ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება, რათა თავიდან იქნეს ყველა შესაძლო პროვოკაცია აცილებული და დაპირსიპირების მცდელობები.

ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და რომლის მიზანიც ევროინტეგრაციაა, განსაკუთრებული დაკვირვებისა და საფრთხის ქვეშაა. ამიტომ, ნებისმიერი პროვოკაცია, სპეკულაცია და დესტაბილიზაცია, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, ითხოვს მყისიერ, დაფიქრებულ და გონივრულ რეაგირებას!