°

retour Page d'accueil

 

დაბრუნება პირველ გვერდზე  

 

80 ème ANNIVERSAIRE DE LA FONDATION DE LA PAROISSE SAINTE NINO DE PARIS

 

Voir également les vidéos

Photos et vidéos Vakhtang Davrichachvili et Othar Pataridze

 

Texte : Eka Khindjakadze

საიუბილეო ცერემონია ხუთშაბათს, 8 აპრილს, ქართველი ემიგრანტების მიერ 1929 წელს წმინდა ნინოს ქართული ეკლესიის 80 წლისთავი პარიზში საზეიმოდ აღინიშნა. დაარსებული ეკლესიის სამლოცველოში მამა არჩილ დავრიშაშვილის მიერ ჩატარებული პარაკლისით დაიწყო.

პარიზში მყოფ ქართველებთან ერთად ცერემონიას არაერთი საეკლესიო და საერო პირი დაესწრო. ეკლესიის წარმომადგენელთა შორის იყვნენ საფრანგეთის მართლმადიდებლური ეკლესიების მიტროპოლიტი ემანუელი ხოლო საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან პარიზში ახლად დაარსებული წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვარი მამა ანტონი.

საერო პირთა შორის იუბილეს შეუერთდნენ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობა საფრანგეთში სრულუფლებიანი ელჩის მამუკა კუდავას ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი დავით ბაქრაძე რომელიც იმჟამად პარიზში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპის სხვადასხვა უმაღლესი სკოლის პროფესორ-მასწავლებლები რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიისადმი მიძღვნილ საიუბილეო კომფერენციაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას პატივი მიაგო წმინდა ნინოს ეკლესიის დამაარსებელთა ხსოვნას და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს გადასცა საქართველოს პრეზიდენტის მილოცვა ამ ღირშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით.

კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები შეეხებოდა როგორც პარიზის წმინდა ნინოს ეკლესიას, ასევე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას, მის ავტოკეფალიას და ზოგადად მსოფლიოს მართლმადიდებლური სამყაროს დღევანდელ განვითარებას.

სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით რექტორმა გია ხუბუამ წმინდა ნინოს ეკლესიას წმინდა ნინოს ხატი გადასცა საჩუქრად.

საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე ბ-ნი ოთარ ზურაბიშვილმა ჩვენთან საუბრისას ხაზი გაუსვა ქართული ეკლესიის მნიშვნელობას იმ მძიმე წლებში, როცა საქართველო უცხო ქვეყნის მიერ იყო ოკუპირებული. მხოლოდ პარიზის წმ ნინოს ეკლესია იყო ქართული ქრისტიანობის თავისუფალი საკულტო ადგილი, - აღნიშნა მან.

წმ. ნინოს საკულტო ასოციაცია 1929 წელს ქართველმა ემიგრანტებმა ილამაზ დადეშქელიანმა, იოსებ კემულარიამ და ლევან ზურაბიშვილმა შექმნეს რომლის წესდებაც კონსტანტინეპოლის ეკუმენურმა საპატრიარქომ დააწესა.

პარიზის წმ ნინოს ეკლესიის პირველი რექტორი არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე თავის დროს პარიზსა და პოლონეთს შორის ანაწილებდა რადგან ვარშავის უნივერსიტეტში პატროლოგიასა და თეოლოგიას ასწავლიდა. მამა გრიგოლი ტრაგიკულად დაიღუპა ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში. 1995 წელს საქართველოსა და პოლონეთის ორთოდოქსულმა ეკლესიებმა იგი წმინდანად შერაცხეს.

წმ ნინოს ეკლესიის რექტორი 1941 წლიდან მღვდელი ნიკოლოზ ზამბახიძე გახდა. 1949 წელს კი ეკლესიას სათავეში ელი მელია ჩაუდგა. სწორედ მამა ელიამ და მისმა საეკლესიო საბჭომ ქართული სათვისტომოს მაშინდელი თავმჯდომარის ლევან ზურაბიშვილის თაოსნობით შეძლეს საბოლოოდ შეესყიდათ ახლანდელი სამლოცველო ადგილი.

 მამა ელიას გარდაცვალების შემდეგ ეკლესიაში მოღვაწეობას 1993 წლიდან მღვდელი არჩილ დავრიშაშვილი განაგრძობს.
                                     

 

                                     

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

 

 

 

Retour début